ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ იარაღის, რომელსაც დამატებით, თავისი მარაგიდან უკრაინას გადასცემს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
გადაწყვეტილება უკრაინისთვის კიდევ 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 დეკემბერს გამოაცხადა თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საშუალებებს საჰაერო თავდაცვის სისტემის, არტილერიისა და მძიმე ტექნიკისთვის. მათ შორისაა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები AIM-9M, საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები Javelin-ი და AT-4 და სხვა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას პრაქტიკულად, ამოწურული აქვს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხა. შემდგომი დახმარების მიზნით, თეთრი სახლი კონგრესისგან ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვს 60 მილიარდ დოლარზე მეტს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.
თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.