პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესისგან მოითხოვს კონკრეტულ პროამერიკულ მოქმედებებს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა Politico.
წყაროთა თანახმად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა როდრიგესს უთხრეს, რომ მისგან სურთ სულ მცირე სამი რამ – ნარკოტიკების ნაკადების აღკვეთა, ირანელი, კუბელი და ვაშინგტონის მიმართ მტრულად განწყობილი სხვა აგენტების გაძევება და შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის მიყიდვის შეწყვეტა.
გარდა ამისა, აშშ მოელის, რომ დელსი როდრიგესი უზრუნველყოფს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და გადადგება.
აშშ-ის მიერ ვენესუელის მეთაურის, ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავების შემდეგ ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან ფიცი 5 იანვარს დადო. ვენესუელის კონსტიტუციით, დროებითმა მმართველმა ახალი არჩევნები 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამორიცხა, რომ ვენესუელაში ახალი საპრეზიდენტი არჩევნები ერთ თვეში ჩატარდება. 5 იანვარს ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-ს განუცხადა, რომ არჩევნების ჩატარებას დრო დასჭირდება და მანამდე ვენესუელაში წესრიგი უნდა დაამყარონ და „გამოაჯანმრთელონ”.
როგორც Politico წერს, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული სოციალისტური შეხედულებების მქონე დელსი როდრიგესი ნიკოლას მადუროს ძველი მოკავშირეა, ტრამპის ადმინისტრაციაში დარწმუნებული არიან, რომ აშშ-ის მოთხოვნებს შეასრულებს. პრეზიდენტმა ტრამპის თანახმად, მზად არიან ვენესუელაში ისევ ჩაატარონ სამხედრო ოპერაცია, თუ როდრიგესი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
ვაშინგტონს დელსი როდრიგესისგან შედეგების მიღწევის სხვა საშუალებებიც აქვს. მათ შორისაა მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების შემსუბუქება და წვდომის მიცემა ფინანსურ აქტივებზე, რომლებიც ძირითადად, კატარში აქვს.
მას შემდეგ, რაც 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა კარაკასში დააკავეს ვენესუელის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი და შეერთებულ შტატებში ჩაიყვანეს, ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა ვაშინგტონის ქმედება დაგმო და მადუროს გათავისუფლება მოითხოვა. მეორე დღეს როდრიგესმა ტონი შეცვალა და განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
56 წლის დელსი როდრიგესი, რომელიც განათლებით იურისტია, 2013-2014 წლებში იყო ვენესუელის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის მინისტრი, 2014-2017 წლებში – საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2017-2018 წლებში – ეროვნული საკონსტიტუციო ასამბლეის თავმჯდომარე. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი გახდა 2018 წლის ივნისში.
· 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.
· პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
· 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
· სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტი პირველად 2013 წლის აპრილში გახდა.
· ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
· მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობენ აშშ და დასავლეთის არაერთი სხვა სახელმწიფო.
აშშ-ის მიერ ვენესუელაში 2026 წლის 3 იანვარს ჩატარებულ ოპერაციას და ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავებას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ქმედებები.
2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. შემოდგომაზე ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
მადუროს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.
2025 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევაში.
დეკემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე დაარტყეს საპორტო მისადგომის რაიონს, სადაც გემებზე ნარკოტიკებს ტვირთავდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვაშინგტონმა ვენესუელაში, ხმელეთზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ განაცხადა.
ფორუმი



