ტრამპის ადმინისტრაცია ირანის მხრიდან შესაძლო შურისძიებისთვის ემზადება.
პენტაგონის ორმა წყარომ და თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა NBC News-ს განუცხადეს,რომ მომდევნო 48 საათი განსაკუთრებით საფრთხილოა.
წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, დაესხმება თუ არა თავს ირანი აშშ-ის ობიექტებს საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით თუ ორივე მიმართულებით, აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების საპასუხოდ.
ამერიკის სამხედრო ბაზები საზღვარგარეთ თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან.
თუმცა, როგორც თეთრი სახლის წყაროები აღნიშნავენ, განგაშმა მას შემდეგ მოიმატა, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი „მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის ობიექტებზე“ თავდასხმით.
„დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიან შედეგებს გამოიწვევს. გაეროს ყველა წევრი უნდა შეშფოთებული იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და კრიმინალური ქცევით“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ზე.
ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაეროში მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა აშშ-ის თავდასხმებთან დაკავშირებით.
21-22 ივნისის ღამით აშშ-ის სამხედროებმა ირანის ბირთვული პროგრამის სამ ძირითად ობიექტს – ფორდო, ნათანზსა და ისპაჰანს – შეუტიეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ობიექტი განადგურებულია და თეირანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა ობიექტებზე თავდასხმები და კერძოდ, განაცხადა, რომ ფორდოს ობიექტიდან შესაძლო დარტყმების მოლოდინში ევაკუაცია განხორციელდა.
წყარო: “რადიო თავისუფლება”
