ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებმა ფლორიდაში განიხილეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. დელეგაციებს აშშ-ის სახელმწოფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდნენ.
რუბიომ ფლორიდაში 30 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებას პროდუქტიული უწოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამოსავალი იყო ჟენევაში გამართული შეხვედრის შედეგები, სამუშაო ჯერ კიდევ არის, პროცესში მონაწილეობს კიდევ ერთი მხარე(რუსეთი), მასთანაც კონტაქტებია და პროცესი გაგრძელდება ამ კვირაში, როცა მოსკოვში შეხვედრები ექნება პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს.
რუსტემ უმეროვმა ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებას პროდუქტიული და წარმატებული უწოდა. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებით, განიხილეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი და შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა იყო.
დეტალებს მხარეები არ აკონკრეტებენ.
სააგენტო AFP და ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ფლორიდაში მოლაპარაკება რთული, მაგრამ კონსტრუქციული იყო.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო გეგმის განსახილველად მოსკოვში მიემგზავრება აშშ-ის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი ხელმძღვანელობს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, უიტკოფი პრეზიდენტ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად პუტინს 2 დეკემბერს შეხვდება.
ამ კვირაში კიევში მოლაპარაკებებს გააგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი, არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიდის და შეთანხმების კარგი შანსი არსებობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ფლორიდაში შეხვედრის დროს ყველა საკითხზე იყო გულახდილი საუბარი, ის მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისკენ და მუშაობა გაგრძელდება.
შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ნოემბერში შეთავაზებული თავდაპირველი სამშვიდობო გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა, დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. კონსულტაციებში ჩართული იყვნენ უკრაინის ევროპელი პარტნიორებიც. გეგმის ამჟამინდელი ვარიანტი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
ფორუმი




