ევროკავშირი მზად არის, დაიცვას თავისი ეკონომიკა და კომპანიები აშშ-ის ტარიფების წინაშე, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ამის შესახებ ვარშავაში ევროკავშირის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებისას ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან და ვიპოვოთ კონსტრუქციული ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები, ამიტომაც ჩვენ ასევე შევაჩერეთ 90 დღით ჩვენი პირველი საპასუხო ტარიფები, მაგრამ ცხადია, ჩვენ ასევე გადავცემთ გზავნილს, რომ ჩვენ თუ ვერ დავინახავთ ნაბიჯებს აშშ-ის მხრიდანაც და მზადყოფნას, შეაჩეროს სატარიფო პოლიტიკა, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ეკონომიკის დაცვა. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი კომპანიების დაცვა და საპასუხო ზომების მიღება“, – აღნიშნა ევროკომისარმა მედიასთან საუბრისას.
როგორც მანამდე ევროკომისიაში განაცხადეს, ამ შაბათ-კვირას სავაჭრო საკითხებში ევროკომისარი მაროშ შევჩოვიჩი ვაშინგტონში გაემგზავრება. ევროკომისარი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებების მიღწევას ეცდება. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები თუ დადებითი შედეგით არ დასრულდება, ევროკავშირი მოქმედების ყველა ვარიანტს განიხილავს.
გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებზე საპასუხო ზომების ამოქმედებას 90 დღით აჩერებს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირს სურს, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს შანსი მისცეს.
ტარიფების პოლიტიკასთან მიმართებით შეერთებული შტატები ნამდვილად კარგად მუშაობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ყველაფერი სწრაფად მიდის.
„ტარიფების პოლიტიკასთან მიმართებით შეერთებული შტატები ნამდვილად კარგად მუშაობს. ძალიან საინტერესოა ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის. ყველაფერი სწრაფად მიდის წინ“, – წერს დონალდ ტრამპი.
ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ამერიკასთან მიმართებაში ტარიფები 125%-მდე გაზარდა.
