შეერთებული შტატები რუსეთთან კავშირში მყოფ და კორუფციაში ჩართულ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ორ ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს ამხელს – ამის შესახებ სახდეპის განცხადებაშია საუბარი. ის სერბ პოლიტიკოსს, მისა ვაჩიჩს ასახელებს და ამბობს, რომ მან 2022 წლის სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ ორგანიზებულ უკანონო ანექსიის რეფერენდუმებში მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს სერბეთის მთავრობის ყოფილ წარმომადგენელს ნენად პოპოვიჩს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. სახდეპი წერს, რომ პოპოვიჩი ამ დრომდე ინარჩუნებს კრემლთან მჭიდრო კავშირებს და თავის ქსელს კორუფციული სქემებისთვის პირადი სიმდიდრის შესაქმნელად იყენებს.
პარალელურად, სახაზინო დეპარტამნეტი სანქციებს აწესებს რვა ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირზე ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ისინი “პირდაპირ ხელს უწყობენ რუსეთის გავლენას ან მათი კორუფციული საქმიანობა რუსეთის გავლენით მიმდინარეობს”.
სახდეპის ცნობითვე, ეს პირები და სუბიექტები აფერხებენ კრიტიკულ რეფორმებს და პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.