აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი 5 აპრილიდან ამოქმედდა.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში ახალი სატარიფო პოლიტიკა უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე და ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ტრანზიტულ ტვირთზე. ტარიფები გავლენას იქონიებს აშშ-დან იმპორტირებული მანქანების ფასზეც, თუმცა, თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი და არაპირდაპირი ეფექტების – ეკონომიკურ ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობაზე, ინფლაციაზე, გაცვლით კურსზე – გავლენის შესაფასებლად, საჭიროა ტარიფების აღსრულებაზე მეტი ინფორმაცია და პარტნიორი ქვეყნების საპასუხო ნაბიჯების დალოდება.
“აშშ საქართველოსთვის მეორადი ავტომობილების იმპორტის მთავარი წყაროა. ტარიფები შეზღუდავს ავტომობილების მიწოდებას აშშ-ში, შედეგად, მაღალი ალბათობით, მოკლევადიან პერიოდში, გაიზრდება ფასი აშშ-ში წარმოებულ ახალ მანქანებზე. ფასის ზრდა გადაეცემა მეორად მანქანებსაც. ეს კი გაზრდის აშშ-დან იმპორტირებული მანქანების ფასს საქართველოში”, – წერია “თიბისი კაპიტალის” მიმოხილვაში. აქვე განმარტებულია, რომ ტარიფების შედეგად ბევრ ქვეყანას ურთულდება წვდომა აშშ-ის ბაზარზე. რაც არაერთ ეკონომიკას აყენებს გამოწვევის წინაშე.
“ერთი რამ ცხადია: ტარიფების შედეგად ბევრ ქვეყანას ურთულდება წვდომა აშშ-ის ბაზარზე. რაც არაერთ ეკონომიკას აყენებს გამოწვევის წინაშე. შესაძლოა, აშშ-ში ექსპორტიორმა ქვეყნებმა სხვა ბაზრებით, მათ შორის საქართველოთი, სცადონ ამერიკის ნაწილობრივად ჩანაცვლება. სავარაუდოდ, უმეტესად ეს ტენდენცია ამერიკის მთავარ საიმპორტო პროდუქტებს, ავტომობილებს, მანქანა-დანადგარებს და ელექტრონულ ტექნიკას”, – ვკითხულობთ “თიბისი კაპიტალის” კვლევაში.
