აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩო უსურვებს საქართველოს რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე ბედნიერად აღენიშნოს:
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე.
შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად,“ — ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებით, პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ხაზი გაესვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში.
საელჩოს ინფორმაციით, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა ვაშინგტონის მერმაც.