აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება “მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო” და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.
New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, რუბიო ცდილობდა ტრამპის მხრიდან სააგენტოს თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილების მიზეზები აეხსნა.
გამოცემა მათ მიერ მოპოვებულ არასრულ ტრანსკრიპტზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად სახელმწიფო მდივნის ბოლოდროინდელი განცხადებებისა, შეხვედრისას მის საუბარში სააგენტოსადმი თანაგრძნობა იგრძნობოდა.
გვატემალაში USAID-ის მისიის დირექტორის, ჰევენ კრუზ-ჰაბარდის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას რუბიომ საგარეო დახმარებას “აუცილებელი” უწოდა, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის გადაწყვეტილების მნიშვნელობას სააგენტოს დაშლასთან დაკავშირებით.
“ვიცი, რომ რთულია მოითხოვო მოთმინება. ვიცი, რომ რთულია მოითხოვო ნდობა, რადგან ჩვენ არასდროს შევხვედრილვართ, მე აქამდე არასდროს ვყოფილვარ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და არასდროს ვყოფილვარ USAID-ის ადმინისტრატორი”. – განაცხადა რუბიომ დახურულ შეხვედრაზე.
მან აღნიშნა, რომ სააგენტო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტისგან დამოუკიდებელია, უკვე ექვემდებარებოდა გადახედვას, სანამ ის ამ თანამდებობას დაიკავებდა.
ვრცლად: Tabula.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tamar-tandashvili_w_h-300x169.jpeg)