ისრაელის მოკავშირე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო საფრანგეთის გადაწყვეტილება, პალესტინა სახელმწიფოდ აღიაროს.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უარყოფს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიაროს პალესტინელთა სახელმწიფო.
რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ეს უგუნური გადაწყვეტილება” ემსახურება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას და აფერხებს მშვიდობის დამყარებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს „7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნად”.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 ივლისს განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება გადაწყვიტა, რასაც ოფიციალურად დაადასტურებს სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
მაკრონის გადაწყვეტილებას მიესალმა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს იქნება „ჯილდო ტერორისთვის”.
პალესტინელთა სახელმწიფო აღიარებული აქვს გაეროს 193-დან 140-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის არიან ევროკავშირის სახელმწიფოები ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სხვა. პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ რუსეთი და ჩინეთიც.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200 ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას პასუხად მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელმაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევის მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.
პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოები აღიარებენ, პალესტინელთა ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ფორუმი
