აშოტ სმბატიანი – სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი მიიჩნევს, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის.
„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში დიპლომატმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ეროვნული კრების მიერ მიღებული კანონი „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ სომხეთის მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს ასახავს და ამასთან, ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხეთის ევროკავშირის წევრობის სურვილის შესახებ გზავნილი გააჟღერა.
ელჩი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან დაახლოება და აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობები არ არის სხვა რომელი ქვეყნის, მათ შორის, ს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.
– პირველ რიგში, მინდა, გკითხოთ, 10 ივლისს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირებისა და სამთავრობო დელეგაციების შეხვედრის შედეგებზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა. როგორ შეაფასებდით სამთავრობო დელეგაციების პირისპირ შეხვედრას? ოპტიმისტურად ხართ თუ არა განწყობილი საბოლოო შეთანხმების მიმართ?
– სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა შეთანხმდნენ „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ შეთანხმების ტექსტზე. სომხეთმა ასევე ოფიციალურად გამოაცხადა მზაობა, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი დოკუმენტს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის 10 ივლისს აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს შეთანხმების ხელმოწერის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზების დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი. მიღწეულ იქნა შეთანხმება შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გაგრძელების შესახებ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს და ნდობის განმტკიცების პროცესს ორ ქვეყანას შორის.
მთლიანობაში, ლიდერების შეხვედრის ფაქტი და განხილვები შეიძლება დადებითად შეფასდეს, ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ თავიდან იქნას აცილებული ქმედებები და რიტორიკა, რომლებიც ხელს უშლის პროცესში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობებს.
რა არის „წითელი ხაზები“ სომხეთისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ქვეყანა არასოდეს დასთანხმდება. მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით საზღვრებთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები.
სომხეთის რესპუბლიკის მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებისკენ. და აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებები ზუსტად ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. როგორც მოგეხსენებათ, სომხეთი და აზერბაიჯანი ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას – 1991 წლის ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე, და ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ საფუძველზე და ლოგიკაზე დაყრდნობით მიმდინარეობდა.
– თუ ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ უახლოეს მომავალში სომხეთმა და აზერბაიჯანმა იმდენად გააუმჯობესონ ურთიერთობა, რომ ქვეყნებს შორის აღდგეს დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობა?
– ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების დებულებები მრავალ ასპექტს ეხება: დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, ურთიერთნდობის განმტკიცება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება და ა.შ. ამ ლოგიკით, სომხეთმა წარმოადგინა პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც გულისხმობს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიით გამავალი გზების, რკინიგზისა და საკომუნიკაციო ხაზების ხელახლა ამოქმედებას, რაც დააკავშირებს რეგიონის ყველა ქვეყანას, რაც ასევე უზრუნველყოფს, უფრო გლობალურ კონტექსტში, ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირს. „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხი პრინციპია, რომ ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, რკინიგზები, გაზსადენები, მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები, იმუშავებენ იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, რომელთა გავლითაც ისინი გადიან. თითოეული ქვეყანა, თავისი სახელმწიფო უწყებების მეშვეობით, უზრუნველყოფს სასაზღვრო, საბაჟო კონტროლს და მის ტერიტორიაზე არსებული ყველა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მისი ტერიტორიით გამავალი ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების უსაფრთხოებას. ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება შესაძლებელია როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტვირთგადაზიდვებისთვის. ყველა ქვეყანა ყველა ინფრასტრუქტურას იყენებს თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით. ვთვლი საჭიროდ, აღვნიშნო, რომ ამ პროექტმა მრავალი საერთაშორისო პარტნიორისა და უწყებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო. პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 2023 წელს, ოქტომბერში, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ფორუმზე წარადგინა, რადგან ის ე.წ. „შუა დერეფნის“ შემადგენელი ნაწილია და მისმა რეალიზებამ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბად შეიძლება აქციოს.
– რაც შეეხება ოფიციალურ ანკარასთან ურთიერთობას, 2025 წლის ივნისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთს ეწვია და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებები გამართა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. შეხვედრას, ოფიციალურმა ერევანმა „ისტორიული“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანამ ურთიერთობების გაუმჯობესებისადმი ინტერესი გამოხატა, რა გამოწვევებს ხედავთ დღეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში?
– სომხეთი და თურქეთი უკვე 2-3 წელია, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით შუამავლების გარეშე კონტაქტებსა და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ორივე ქვეყანას ამ მიზნით დანიშნული ჰყავს სპეციალური წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრების დროს გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. მანამდე ასევე იმართებოდა რეგულარული დისკუსიები უმაღლეს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. თურქეთის პრეზიდენტის მოწვევით სომხეთის პრემიერ-მინისტრის 20 ივნისს თურქეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ლოგიკური განვითარება იყო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისა და მკაფიო შედეგების მიღწევის მნიშვნელობას. ლიდერებმა ასევე განიხილეს რეგიონული მოვლენები და ამ კონტექსტში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. სომხეთის რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს პირდაპირი კონტაქტებისა და დიალოგის გაგრძელების მზაობა.
– საინტერესოა, რომ 10 ივლისს ალიევმა და ფაშინიანმა აბუ-დაბიში შეხვედრა პირისპირ, რუსეთის შუამავლობის გარეშე გამართეს. შესაბამისად, ორმხრივი მოლაპარაკებების მოსკოვის გარეშე გამართვამ გააჩინა განცდა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლი სულ უფრო მცირდება. თქვენ როგორ დაახასიათებდით სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას? მიიჩნევს თუ არა ოფიციალური ერევანი რუსეთს კვლავ მოკავშირედ?
– სომხეთის მისწრაფება, დაარეგულიროს ურთიერთობები მეზობლებთან, არანაირად არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. იმედით ვარ აღსავსე, რომ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და მშვიდობით, ამასთან დაკავშირებით აქვთ სწორი აღქმა. რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობებს, ისინი ბუნებრივად ვითარდება, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და, საჭიროების შემთხვევაში, რიგ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების პატივისცემით.
– ცოტა ხნის წინ ერევანს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სტუმრობდა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მირზოიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან დისკუსიები ფოკუსირებული იყო სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტის განხორციელების შესაძლო რეალისტურ ნაბიჯებზე, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორ შეაფასებდით სომხეთ-ევროკავშირის ამჟამინდელ ურთიერთობებს და თქვენი აზრით, როგორია სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსები?
– მართლაც, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ ასახავს სომხეთის მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, კაია კალასის, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, სომხეთ-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ მრავალ საკითხთან ერთად, განიხილეს ზემოაღნიშნული კანონის განხორციელების შესაძლო შემდგომი რეალისტური ნაბიჯები. ვიზიტის დროს ასევე ხელი მოეწერა სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას „ევროპის კავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში სომხეთის რესპუბლიკის მონაწილეობის ჩარჩოს განსაზღვრის შესახებ“, რაც სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგის გაფართოების ნათელი მაგალითია, და ამავდროულად აჩვენებს სომხეთის მისწრაფებასა და სურვილს, კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების საქმეში. ასევე ერთობლივად გამოცხადდა სომხეთ-ევროკავშირის კონსულტაციების დაწყების შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.
მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკამ და ევროკავშირმა წარმატებით დაასრულეს პარტნიორობის ახალ დღის წესრიგზე მოლაპარაკებები. ეს საკმაოდ ამბიციური დოკუმენტია, რომელიც თანამშრომლობის ახალი სფეროებით შეავსებს და კიდევ უფრო გააღრმავებს სომხეთ-ევროკავშირის ორმხრივ დღის წესრიგს. სომხეთ-ევროკავშირის დღის წესრიგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რომელზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
– თქვენი აზრით, თუ მისცემს მოსკოვი ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და სომხეთი, რუსული ორბიტის დატოვებისა და ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას?
– როგორც უკვე აღვნიშნე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების მიერ მიღებული „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონი ასახავს სომხეთის მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს. ამისდა მიუხედავად, სომხეთს ოფიციალურად არ გაუკეთებია განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს და ევროკომისიის თავმჯდომარეს გადასცა სომხეთის ევროკავშირის წევრობის სურვილის შესახებ გზავნილი.
– და ბოლოს, როგორია ოფიციალური ს პოზიცია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით?
– ჩვენი ურთიერთობები მოძმე საქართველოსთან სტრატეგიული ხასიათისაა. ჩვენს ხალხებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა, ჩვენ საერთო ღირებულებები და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საერთო ხედვა გვაქვს. სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს და ჩვენ ვმუშაობთ მის შემდგომ გაღრმავებასა და გაფართოებაზე. ორ ქვეყანას შორის ხშირია სხვადასხვა დონის ორმხრივი ვიზიტები, ასევე ერთობლივი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული და ჰუმანიტარული ღონისძიებები. ასევე ვითარდება დეცენტრალიზებული თანამშრომლობა.
ბექა ბერიაშვილი
„ინტერპრესნიუსი“