სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, არხის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც დასაქმებულთა შრომით უფლებებს, ისე გამოხატვის უფლებას და თანასწორობის პრინციპს.
“აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების უკანონო, დისკრიმინაციული დევნა, რაც პირდაპირ უკავშირდება მათ მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას. განსხვავებული მოსაზრებების გამო თანამშრომლების გათავისუფლება და დისციპლინური სანქცირება წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები – მათ შორის მაუწყებლის ძველ შენობასთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და მასზე არხის მენეჯმენტის რეაგირება – ნათლად მიუთითებს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას: იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების შესრულება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის. მისი მოშლა, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისის დროს, კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ინტერესების გამოხატვასა და დაცვას. არხის მენეჯმენტის მიერ თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დევნა და კრიტიკულად განწყობილი, პროფესიონალი ჟურნალისტების საქმიანობიდან ჩამოშორება უმძიმესი ლაქაა მაუწყებლის ისტორიაში. ეს პროცესები მკაფიოდ აყენებს დღის წესრიგში მენეჯმენტის ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელელბულ განცხადებაში.
11 დეკემბერს მაუწყებლიდან გაათავისუფლეს არხის წამყვანი სახეები, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. არხის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება დისციპლინური მოკვლევის შედეგად მიიღო. თუმცა, ზაუტაშვილი ამბობს, რომ მას არა უშუალოდ მოკვლევის შედეგები, არამედ, მხოლოდ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გააცენს.
მათი გათავისუფლების გარდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დისციპლინური სანქცია დაუწესა ოთხ მოქმედ თანამშრომელს. ესენი არიან:
· ირმა ჩუბინიძე – ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი;
· კახაბერ მელიქიძე – პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი;
· თამარ მშვენიერაძე – გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი;
· იოსებ კაციტაძე – გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი.
არხი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა კიდევ ორმა თანამშრომელმა – დავით ველიჯანაშვილმა და თეა კახიანმა.
