“აშკარაა, რომ ჩვენს ტრადიციულ კრედიტორებს აღარ აქვთ სურვილი და მადა, რომ საქართველო დააკრედიტონ” – ფინანსისტი (bm.ge)

“აშკარაა, რომ ჩვენს ტრადიციულ კრედიტორებს, განსაკუთრებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებს, აღარ აქვთ სურვილი ან ნაკლები სურვილი და მადა აქვთ, რომ საქართველო დააკრედიტონ”, – ამის შესახებ ფინანსისტმა და ბიზნესის მრჩეველმა ნიკა შურღაიამ გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ახლა ვინც კრედიტორებს შორის აქტიურობს, არის აზიის საინვესტიციო ბანკი, რომლის აქციონერებიც და ჩინეთი არიან.
„თავისუფალი ვალი, მაგალითად, ევროობლიგაციების შემთხვევაში კი, მალე გამოჩნდება როგორი გემოვნება აქვთ უცხოურ კრედიტორებს საქართველოს დაკრედიტების… ამ ნაწილში არ მაქვს კარგი მოლოდინი“, – აღნიშნა ნიკა შურღაიამ.
ფინანსისტის თქმით, ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია ეკონომიკური თავისუფლება და კარგი სამართლებრივი გარემო. თუმცა, საქართველოში ორივე ძირგამოთხრილია. შურღაიას შეფასებით, საქართველო აღარ არის სამართლებრივი სახელმწიფო, რაც არის აშკარა.
„კონსტიტუცია დარღვეულია მრავალგზის და ჩვენი სასამართლოები ძალიან ბევრ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებენ. ბიზნესისთვის მეტწილად სამართალი არის იმაზე დამოკიდებული ვის უფრო მეტი გავლენა და ფული აქვს. მეორე მხრივ, ხელისუფლება აღარ ეკუთვნის ხალხს და მოშლილია კონტროლის მექანიზმები. აღარ მუშაობს კონტროლის პალატა, აღარაა დამოუკიდებელი ინსტიტუციები, უწყების ხელმძღვანელი იყურება ზემოთ, „ის“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაბამისად, თანამშრომლები იყურებიან ზემოთ, ინიციატივა მოკლებულია და ერთგვარი საბჭოური რუსული სტილის სახელმწიფოსთან გადაჯაჭვული, ძმაბიჭური კაპიტალიზმის ნიშნებს ვხედავ“, – განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
ცნობისთვის, ივლისში საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 1 აგვისტოსთვის საქართველოს უცხოელი კრედიტორებს მიმართ 9.04 მლრდ დოლარის დავალიანება ჰქონდა, რაც ბოლო 1 თვეში ვალის 103 მილიონიან კლებას ნიშნავს.
კრედიტორების მიმართ არსებული 9.04 მილიარდიანი დავალიანებიდან 8.7 მლრდ მთავრობის ვალია. აღნიშნული პორტფელი ბოლო 1 თვეში 98.4 მლნ დოლარით არის შემცირებული.
მონაცემები ცხადყოფს, რომ ივლისში საქართველომ ვალის მომსახურებაში 55.5 მლნ დოლარი გადაიხადა, საიდანაც ვალის ძირი თანხის დაფარვაზე 39.2 მლნ, პროცენტზე კი 16.2 მლნ იყო მიმართული. ივლისის პერიოდში კი, ათვისებულმა თანხამ 41.2 მლნ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი – 6.6 მლრდ დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სესხებია, ისეთების როგორიც არის “აზიის განვითარების ბანკი”, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB,) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), მსოფლიო ბანკი და სხვა.
bm.ge