სოციალური სამართლიანობის ცენტრის( SJC) განცხადებით, 8 სექტემბერს, კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებზე მომხდარი თავდასხმის საქმეს განზრახ არ იძიებენ.
ორგანიზაციის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრების მონაწილეებზე თავდასხმიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, დაზარალებულთა ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოკითხული, მათ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი და მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილი გავრცელებულ კადრებში ამოცნობადია, თავდამსხმელები დაკავებულები არ არიან.
„გამოძიების ფუნდამენტური ჩავარდნების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ და, შესაბამისად, ხელს აფარებენ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილე პირებს”,- წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
8 სექტემბერს, კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა) და 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას (სსკ-ს 1621-ე მუხლი) გულისხმობს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ქმედების აშკარად ორგანიზებული ხასიათის მიუხედავად, შსს-ს ამ დრომდე არ გადაუკვალიფიცირებია გამოძიება შესაბამის 225-ე მუხლზე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს).
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ორივე მათგანი ბრალის წარდგენის გარეშე, მალევე გაათავისუფლეს.
სოციალურ სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქმეს იძიებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის დირექტორის მოადგილე ხუტა პაჭკორია ერთ-ერთ ეპიზოდში თავად მონაწილეობდა და ხელს უშლიდა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს მუშაობაში .
ორგანიზაციის განცხადებით, შსს-ს არ გამოუკითხავს დაზარალებულები, რომელთა შესახებაც უწყებას სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა .მათ შორის, ამ დრომდე, არ გამოუკითხავთ „პუბლიკის“ ჟურნალისტ, ქეთო მიქაძეზე თავდამსხმელი და ძალადობის სხვა მონაწილეები.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებაზე პასუხისმგებელ კონკრეტულ საჯარო მოხელეებს, დროულად მოახდინონ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება, გამოჰკითხონ აქციაზე დაშავებული პირები, მიანიჭონ მათ დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყონ ჯეროვანი გამოძიების წარმართვა სათანადო კვალიფიკაციით”,- წერია სოციალური სამართლიანი ცენტრის განცხადებაში.
8 სექტემბერს, საღამოს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ პარტაქტივი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მარშს ფიზიკურად გაუსწორდა. კალაძის შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ.
დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. რამდენიმე მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.




