აღსრულების პოლიციამ კარი ჩალეწა და ბინაში შევიდა | ვითარება კეკელიძეზე

თბილისში, კეკელიძის #1 ნომერში, ამ წუთებში აღსრულების ეროვნული ბიურო საპოლიციო ძალების დახმარებით ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ცდილობს. ბიუროს წარმომადგენლებმა კარი დაამტვრიეს და ბინაში შევიდნენ. სახლში აქტივისტებს, მოქალაქეებსა და უწყების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაა.
ბინაში მანამდე ჩაჭრეს ელექტროენერგია, გაიტანეს ავეჯი, სადარბაზოს შესასვლელი კარი, რომელიც შედუღებული იყო, სპეციალური საშუალებებით “გაჭრეს”.
ბარიკადების საშუალებით აქტივისტები და მოქალაქეები ცდილობდნენ შეეკავებინათ აღსრულების ეროვნული ბიურო.
ოჯახი სახალხო დამცველს სთხოვს ადგილზე მივიდეს. ლევან იოსელიანი მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია, გამოსახლების პროცესი 11:00 საათზე დაიწყო.
ამ ოჯახის გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა. “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ამბობს, რომ ოჯახი მზადაა დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. ქალი ყვება, რომ არ აქვს ბინა, სადაც შეძლებს გადავიდეს და მეგობრების იმედად რჩება.
ადგილზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი. იხილეთ:
· “თბილისში სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება” |SJC -ის ინფორმაციით, ხვალ და ზეგ კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება იგეგმება;
· კეკელიძის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს;
· ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! | ზურაბიშვილი
ფოტო: “მაუწყებლის” ვიდეოდან.