აღსრულების ბიურო უარყოფს კეკელიძეზე გაზის გამოყენებას და ძალადობაში აქტივისტებს ადანაშაულებს

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას არ გამოუყენებიათ ცრემლსადენი გაზი. მათი თქმით, თავად ბინაში მყოფებმა გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.
“ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიუროში ამბობენ, რომ მოვალის მხარდასაჭერად შეკრებილმა მოქალაქეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. მათივე ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანება მიიღეს პოლიციელებმა. ასევე, დაზიანდა უწყების ქონება.
აღსრულების ბიუროში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი კანონიერია, მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, დაემორჩილონ პოლიციელებს.
“აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.
დაპირისპირებისას პოლიციამ 7 პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები, გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე. ასევე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
ამავე თემაზე:
· პრეზიდენტი: ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია

ასევე დაგაინტერესებთ