აღსრულების ბიურო უარყოფს კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან გამოსახლებისას გაზის გამოყენებას

აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღსრულების პოლიციამ ბინის მეპატრონისა და მისი მხარდამჭერების შენობიდან გამოყვანისას მათ წინააღმდეგ გაზი გამოიყენა. განცხადების მიხედვით, „ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება“.
მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა ბინაში გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება, რომ საცხოვრებელში ამ ადამიანების მიმართ გაზი გამოიყენეს. ამასთან, “გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატში ცხელ ხაზზე შესული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, “ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც”.
“სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც