„აღნიშნული ყავის სახეობები ენდემური ხარისხისაა და ეთიოპიის ტყეში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე იკრიფება“

საქართველოში ეთიოპიიდან იმპორტირებულ, მაღალბიუჯეტურ, პრემიუმ ხარისხის ყავაზე მოთხოვნა თვიდან თვემდე იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის იმპორტს კომპანია „კოფიოპია“ ახორციელებს.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ შალვა ბოლოთაშვილმა – „კოფიოპიას“ დამფუძნებელმა განუცხადა, ამ ეტაპზე, საქართველოში 4 სხვადასხვა ბრენდის 8 სახეობის ყავა ჩამოაქვს.„უკვე 6 თვეა, რაც ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ყავის იმპორტს ვახორციელებ. აღნიშნული ყავის სახეობები ენდემური ხარისხისაა და ეთიოპიის ტყეში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე იკრიფება. შესაბამისად, არ შეიცავს პესტიციდებსა და სხვადასხვა არომატიზატორებს. საქართველოში და არა მხოლოდ აქ, მსგავსი ხარისხის ყავა საკმაოდ დეფიციტურია, ამიტომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“,  – განმარტა შალვა ბოლოთაშვილმა.მისივე ინფორმაციით, „კოფიოპია“ თვეში 250-300 კილოგრამი ეთიოპიური ყავის რეალიზაციას ახდენს, თუმცა გეგმავს, რომ ეს მაჩვენებელი ტონა – ნახევრამდე გაზარდოს.„ვხედავ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ნამდვილად არის, ამიტომ უახლოეს პერიოდში ვაპირებ, იმპორტირებული ყავის რაოდენობა გავზარდო. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თვეში ერთხელ, ეთიოპიაში მე თვითონ მივდივარ და პირადად ჩამომაქვს პროდუქტი“, – აღნიშნა „კოფიოპიას“ დამფუძნებელმა.მან „ბიზნესპარტნიორთან“ საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხარისხიდან გამომდინარე, ეთიოპიური, პრემიუმ სეგმენტის ყავის ღირებულება დაბალი ვერ იქნება და მასზე ფასებს მსოფლიო ბაზარი ადგენს.წყარო: ბიზნესპარტნიორი