აღმოჩენილია მონსტრი შავი ხვრელი, რომელსაც 36 მილიარდი მზის მასა აქვს

გალაქტიკა, სახელად SDSS J1148+1930, ნამდვილ ბეჰემოთს მასპინძლობს, რომლის მასაც, ახალი გაზომვების თანახმად, ჩვენი მზისას დაახლოებით 36,3-მილიარდჯერ აღემატება. შედეგად, ამ შავი ხვრელის მასა პრაქტიკულ ზედა ზღვართან ძალიან ახლოსაა. შედარებისათვის — ირმის ნახტომის ცენტრალურ შავ ხვრელში თავს იყრის 4,3 მილიარდი მზის მასა.
ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელი უკვე აღარ თავსდება სუპერმასიურის კატეგორიაში — ეს გიგანტი ულტრამასიურია.
„ის ამ დრომდე აღმოჩენილ 10 ყველაზე მასიურ შავ ხვრელს შორის არის და სრულიად შესაძლებელია, ყველაზე მასიურიც იყოს. უმეტეს სხვა შავ ხვრელთა მასის გაზომვები არაპირდაპირია და საკმაოდ დიდი გაურკვევლობა ახლავთ; შესაბამისად, დაზუსტებით არ ვიცით, რომელია მათ შორის უდიდესი. თუმცა, ახალი მეთოდის წყალობით, ამ შავი ხვრელის მასა გაცილებით ზუსტად დავთვალეთ“, — ამბობს ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი თომას კოლეტი.
სუპერმასიურს უწოდებენ მზეზე მილიონჯერ და მეტი მასის მქონე შავ ხვრელებს და ისინი ყველა სრული ზომის გალაქტიკის ცენტრში გვხვდება; წარმოადგენს გრავიტაციულ ჰაბს, რომლის გარშემოც მოძრაობს გალაქტიკაში არსებული ყველა ობიექტი.
ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება შევამოწმოთ ეს ზედა ზღვარი, თავად შავი ხვრელების პოვნაა. სწორედ ამან მიგვიყვანა ცის მახასიათებელთან, რომელსაც კოსმოსურ ცხენის ნალს უწოდებენ. ეს გახლავთ ნალის ფორმის სინათლის ლაქა, რომელიც ცენტრალური მანათობელი ბურთის გარშემოა მოხრილი და წარმოადგენს იშვიათი კოსმოსური განლაგების, გრავიტაციული ლინზირების შედეგს.
თითოეული კომპონენტი — ლაქა და ბურთი მხედველობის ერთი ხაზის გასწვრივაა, ჩვენგან სხვადასხვა მანძილზე. ბურთი სინამდვილეში გალაქტიკაა, რომელიც იმდენად მასიურია, რომ მისი გრავიტაციული ველი ამრუდებს და ადიდებს უფრო შორეული წყაროს სინათლეს. სწორედ ეს წარმოქმნის ლაქას.
ასე გადიდების გზით, შორეულ ვარსკვლავთა და გალაქტიკათა შესახებ ბევრი რამის დადგენა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა წინა ფონურ ბურთში საოცარი შავი ხვრელი აღმოაჩინა.
„აღმოვაჩინეთ მიძინებული შავი ხვრელი — ისეთი, რომელიც დაკვირვების ეტაპზე მატერიას არ შთანთქავს. მისი აღმოჩენა მთლიანად დამოკიდებულია მის უზარმაზარ გრავიტაციაზე და იმ ეფექტზე, რომელიც ამ გრავიტაციას მიმდებარე გარემოზე აქვს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრაზილიის რიო-გრანდი-დუ-სულის უნივერსიტეტის ასტრონომი კარლოშ მელუ-კერნეირუ.