11 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის (ბელარუსის გამოკლებით) საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.
ევროკავშირის ინფორმაციით, მინისტრები განიხილავენ:
· თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას გააგრძელოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დაკმაყოფილება;
· რა უნდა იყოს ერთობლივი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები 2024 წელს;
· აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელების დაჩქარებას;
· როგორ გაიზარდოს თანამშრომლობა ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი და სინერგია სხვა რეგიონულ პოლიტიკასთან, როგორიცაა შავი ზღვის სინერგია.
„მინისტრები მიზნად დაისახავენ, გააძლიერონ ვალდებულება 2024 წლის კონკრეტული შედეგების მისაღწევად, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროში“, — ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრებს სიტყვით მიმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.
„მომავალ კვირას ბრიუსელში, შესაძლებელია, რომ აღმოსავლური პარტნიორობის 5-მა ქვეყანამ (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) მიაღწიონ ურთიერთგაგებას, რათა თანდათან შეამცირონ როუმინგის გადასახადი ერთმანეთს შორის. ხელმოწერა შეიძლება მალე მოხდეს“, — წერს რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე.
next week in Brussels it is possible that the 5 eastern partnership countries 🇺🇦🇲🇩🇬🇪🇦🇲🇦🇿 will come to a common understanding to reduce roaming charges between each other progressively. signature can happen soon after. complementary to any bilateral roaming agreement with 🇪🇺 — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) December 5, 2023
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება რეგიონული როუმინგის შეთანხმების (RRA) ხელმოწერის შესახებ. შეთანხმების ხელმოწერა 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა. როუმინგის რეგიონული შეთანხმება გულისხმობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების მობილური ოპერატორების მომხმარებლები შეძლებენ, მობილური სერვისების გამოყენებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვიზიტის დროს.
მოსალოდნელია, რომ რეგიონული როუმინგის შეთანხმების ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის როუმინგის ფასების თითქმის 87%-ით დაეცემა.
ევროკავშირთან შეთანხმების შესაბამისად, მოლდოვის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას როუმინგის დაბალი საფასურით 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ისარგებლებენ.