მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი ბანკი საქართველოში შემოდის. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს “პეივ ჯორჯიაზე” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. შედეგად, საქართველოში ოპერირებას მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი ბანკი დაიწყებს.
Pave Bank-ის საქმიანობასთან და საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს გამოცემა Forbes.com, რომელიც წერს, რომ სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპი კლიენტების მიღებას მომავალი წლის პირველ კვარტალში გეგმავს.
„აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა მიმზიდველია, რადგან ის ციფრული რეგულირების პიონერი გახდა“, – აცხადებს „პეივ ჯორჯიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სალიმ დანანი.
„პეივ ჯორჯიას“ დამფუძნებლებად გვევლინებიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი
საერთაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები. სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა.
გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები. „პეივმა“ 5.2 მილიონი საწყისი ინვესტიცია მოიზიდა.
„როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაა – ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის, მჭიდრო კავშირებით ევროკავშირთან. Pave Bank-ი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური მომსახურების ცენტრად გადაქცევისკენ მიისწრაფვის, ძლიერი და გამჭვირვალე მარეგულირებელი არქიტექტურა კი ქვეყანას ბიზნესებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს“, – წერს კიდევ ერთი უცხოური გამოცემა The Fintech Times.
Pave Bank-ი მსოფლიოში პირველი სრულად რეგულირებადი კომერციული ბანკია, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო საბანკო პროდუქტების გარდა, მრავალაქტივიან მფლობელობაზე (აერთიანებს აქტივების კლასებს, როგორიცაა ნაღდი ფული, აქციები ან ფიქსირებული შემოსავალი), ვირტუალურ IBAN-ზე, ანგარიშების დაცვასა და PaveNet-ზე წვდომასაც სთავაზობს. საუკეთესო საბანკო პროდუქტებში კი, მრავალვალუტიანი ოპერაციული ანგარიშები, გლობალური საგადასახადო კავშირი და ხაზინის მართვის გადაწყვეტილებები შედის.