აღმაფრთოვანებელია ჩვენი მზადყოფნა, ჩავერთოთ სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში – “თბილისი პრაიდი”

“თბილისი პრაიდი” მიმართვის ტექსტს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მზად არიან ჩაერთონ თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, “საერთო მიზნის ირგვლივ”.
“ერთ მხარეს ვდგავართ მოქალაქეები, ვისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებულია, აქტივისტები, უფლებადამცველები, ხელოვანები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება. მეორე მხარეს კი კომფორტულ სავარძლებში მოკალათებული ადამიანები, რომელთაც რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა, ჩვენგან მტრის ხატის გამოყვანა და საზოგადოების დაყოფა განუზრახავთ.

ჩვენ ვართ გრძელვადიან, წინააღმდეგობებით სავსე ბრძოლაში. წარმატება კი მხოლოდ ერთიანობით, თანმიმდევრულობით, მობილიზებითა და სტრატეგიული მოქმედებებით მიიღწევა.

აღმაფრთოვანებელია თითოეული ჩვენგანის მზადყოფნა, ჩავერთოთ ჩვენი თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში და მტკიცედ დავდგეთ საერთო მიზნის ირგვლივ…”, – წერია განცხადებაში.
29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქციის თავმჯდომარემ, მ, წყაროების მიუთითებლად, „საერთაშორისო კვლევებზე“ დაყრდნობით გამოაცხადა, რომ პროპაგანდის შედეგად – „18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს“ და „მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა“.
მისივე განცხადებით, “ქართული ოცნება” გეგმავს, მოამზადოს კანონპროექტი “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის” წინააღმდეგ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა და ახალი კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს. მმართველი პარტიის ინიციატივას ძირითადად საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ და შიშობენ, რომ ის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას შეზღუდავს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კონსტიტუციას დაიცავს.
„ოცნების“ ახალ ინიციატივას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე უწოდა – „რუსული კანონი 2“. მანამდე, „რუსული კანონი“ ხალხმა, შარშან გაზაფხულზე, „აგენტების შესახებ“ კანონს დაარქვა.
არასრულწლოვნებში „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს. ხოლო 2022 წელს ის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა. ხელისუფლება დღემდე უარყოფს, რომ რუსეთში ლგბტ+ თემი იდევნება. 20 თებერვალს პუტინმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ „როგორც სურთ“ და „არავინ არაფერში ზღუდავს“.

ასევე დაგაინტერესებთ