აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია ხალხმა და ლეგიტიმურია, ეძიეთ დიალოგი ყველა პარტიასთან, საქართველო ევროპის ნაწილია და ძალიან გვაკლია – მალტე კაუფმანი
აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია საკუთარი ხალხის მიერ და ლეგიტიმურად არის ხელისუფლებაში, ეძიეთ დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პარტიასთან, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატებზე „ევროპელ კონსერვატორთა და პატრიოტთა“ (ECPA) ჯგუფის წევრმა, მალტე კაუფმანმა განაცხადა.
როგორც მალტე კაუფმანმა აღნიშნა, საქართველო ევროპის ნაწილია.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს. საუბარია დემოკრატიის წინაშე არსებულ მწვავე საფრთხესა და კანონის უზენაესობის ეროზიაზე. თუმცა ჩვენ, „ევროპელ კონსერვატორთა და პატრიოტთა“ (ECPA) ჯგუფში მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია ძირითად პუნქტებში ძალიან შორს მიდის და ამიტომ უარყოფთ მას. საქართველოში არსებული ვითარება, უდავოდ ხასიათდება ღრმა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობით, თუმცა განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში, ჩვენ გვჯერა, რომ შერიგებისა და დიალოგის ძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
ევროპის საბჭოს, როგორც ევროპაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ცენტრალურ ინსტიტუტს, სწორედ ეს მიზანი აქვს. ის საკუთარ განიხილავს ფორუმად, სადაც სხვადასხვა ინტერესი, პოლიტიკური შეხედულებები და ისტორიული წარსული ხვდება ერთმანეთს და დიალოგის გზით აღწევს კონსტრუქციულ და მშვიდობიან გამოსავალს.
ზუსტად იმიტომ, რომ ევროპის საბჭო იცავს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, ჩვენი მოვალეობაა, მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების, ანუ მათი შეხედულებების ან კრიტიკული პოზიციის გამო დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. ჩვენ ამას საქართველოს მთავრობისგან ვითხოვთ. თუმცა, შემდგომი გარიცხვის ნაცვლად, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საქართველოს დელეგაციის ევროპის საბჭოში დაბრუნება. მეორე – აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია საკუთარი ხალხის მიერ და შესაბამისად, ლეგიტიმურად არის ხელისუფლებაში. და მესამე – ეძიეთ დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პარტიასთან, როგორც ოპოზიციასთან, ასევე მთავრობასთან. დიდი იმედი მაქვს, მალე მივესალმებით ჩვენს ქართველ კოლეგებს ჩვენს წრეში დაბრუნებას, რადგან საქართველო ევროპის ნაწილია და ძალიან გვაკლია“, – განაცხადა მალტე კაუფმანმა.
