“აღდგენილი პლანტაციების ნაწილი ხელახალი გაველურების საფრთხის ქვეშაა” – რა სჭირდება დღეს ჩაის სექტორს?

აღდგენილი ჩაის პლანტაციების ნაწილი ხელახალი გაველურების საფრთხის ქვეშაა. ჩაის მწარმოებლები ამბობენ, რომ მოსავლის რეალიზება იმდენად რთულია, რომ მეწარმეები ჩაის ფოთოლს პლანტაციების მხოლოდ მცირე ნაწილზე კრეფენ.
„მეტი რომ მოკრიფონ და გადაამუშაონ, რისი შესაძლებლობაც აქვთ, არავის უნდა. ეს დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. პროდუქცია თუ არ გაიყიდა, წარმოებას აზრი არ აქვს“, – ამბობს „საქმის კურსთან“ საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე და აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის გამო, ქვეყანაში ჩაის წარმოების მაჩვენებელიც წლიდან წლამდე ერთ ნიშნულზეა.
ცნობისთვის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2016-2024 წლებში სახელმწიფომ 4,3 მლნ ლარი დახარჯა. სარეაბილიტაციო ფართობმა 2057 ჰექტარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშშის თანახმად, რვა წლის განმავლობაში რეაბილიტირებულ პლანტაციებში მოყვანილმა გადამუშავებული ჩაის მოცულობამ წლიურად 2000 ტონამდე შეადგინა.
რატომ არ არის მოთხოვნა ქართულ ჩაიზე და რა ბარიერები ხვდება პროდუქციას ბაზარზე? – ჩაის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ პრობლემას მრავალი კომპონენტი აქვს.
„საქართველოში ჩაის წარმოებაში თვითღირებულება ძალიან მაღალია. 1 კგ მწვანე ფოთლის მოკრეფა ფაბრიკას 5, 6, 10 ლარიც კი უჯდება. 4 კგ ფოთოლი უნდა მოკრიფო, რომ 1 კგ პროდუქცია მიიღო. თვითღირებულებაში ნედლეულის წილი დაახლოებით 20-30 ლარს აღწევს. ამას ემატება ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი… ქართული ჩაის თვითღირებულება, თუ ხარისხიან პროდუქციას აწარმოებ, ძალიან მაღალია. ეს მაღალი ფასი ვერ უწევს კონკურენციას თუნდაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ ჩაის, რომელიც ძირითადად დემპინგური ფასით შემოდის. სახელმწიფოს ჩარევა აქ არის საჭირო, რომ შეღავათები იყოს ენერგომატარებლებზე და მოხდეს დემპინგურ ფასებთან ბრძოლა. რაც შეეხება ექსპორტს ამ მიმართულებით გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. არსებობს ყველა ქვეყანაში საელჩოები, მათი სავაჭრო წარმომადგენლები. მათი გააქტიურებაა საჭირო, რომ მოხდეს ქართული ჩაის პოპულარიზაცია. ჩაი წარვადგინოთ გამოფენებზე, შეხვედრებზე … არ ვამბობ, რომ ყველაფერი სახელმწიფოს უნდა ჩამოვკიდოთ, მაგრამ თუ ჩაის დარგმა ცოტათი მაინც არ აიდგა ფეხი, თუ არ გაჩნდა შესაბამისი რაოდენობა. რომ რეგულარული ექსპორტი უზრუნველყო, თუ ხელი არ წაგვიკრა ვინმემ, ძალიან გაგვიჭირდება“, – ამბობს თენგიზ სვანიძე.
ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ფიქრობს, რომ ახლა თანხები არა პლანტაციების აღდგენის, არამედ სარეალიზაციო ბაზრების მოძიების და პროდუქციის გაყიდვის მხარდაჭერისთვის უნდა იყოს მიმართული.
„უკვე მეორე წელია ამ თემაზე ვმსჯელობთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ის, რაც გაკეთდა, გასაკეთებელი იყო და კარგია, მაგრამ იმდენი ჰექტარი ჩაის პლანტაცია აღადგინეს, რომ მათ ნახევარზე ახლა კრეფა არ მიმდინარეობს. დანარჩენი უკვე ხელახალი გაველურებისკენ მიდის, დახარჯული თანხა იკარგება. უმჯობესია, ეს თანხები შევაჩეროთ ან შევამციროთ და თუ სახელმწიფო აპირებს, ხელი შეუწყოს ჩაის სექტორს, დაფინანსება მიმართოს მიზნობრივად, უფრო კარგი საქმისთვის, რაც არის ჩაის პროდუქციის მარკეტინგისა და რეალიზაციის ხელშეწყობა“, – ამბობს თენგიზ სვანიძე.
ჩაის მწარმოებელთა ასოციაციამ, წევრი კომპანიების ჩართულობით, ჩაის განვითარების სტრატეგიაც შეიმუშავა, რომლის სამინისტროს შემოდგომაზე წარუდგენს. ირკვევა, რომ ჩაის მწარმოებლებს მაღალხარისხიანი ბიო ჩაის წარმოებაზე ფოკუსირება სურთ, რაც მაღალფასიანია და ჩაის ბაზარზე საქართველოს საკუთარ ნიშას აპოვნინებს.
„ქართულ ჩაის აქვს პოტენციალი მცირე, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით სავალუტო შემოსავლებიც მოუტანოს ქვეყანას და ხალხის დასაქმებასაც შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით ჩაის კულტურის მქონე რეგიონებში“, – მიიჩნევს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.