აღარ მიმყავს “მოამბე” 18:00 საათზე “ვითარების ნორმალიზებამდე” – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განმარტავს, რატომ აღარ მიყავს 18:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”.
მისი თქმით, არხის ოფიციალური პოზიციაა, რომ იგი “მოამბის” წამყვანი აღარ იქნება “გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე”.
“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.
ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება”, – წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
3 თებერვალს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შელაპარაკება იყო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, სა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს შორის. ჟურნალისტი მაღლაფერიძეს “ცილისწამებაში” ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
“ერთი ადამიანი მაინც მომიყვანეთ, ერთი კადრი, ერთი მტკიცებულება, რომ მე თქვენ რაიმე გადაბრუნებული სიტყვა გითხარით, ბატონო ვასილ. რაზე დაყრდნობით ამბობთ? თქვენ ტყუით, რომ მე თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენეთ. დაამტკიცეთ ეს ცილისწამება, რომ მე თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენეთ… ნამუსზე თქვენ მე ნუ მელაპარაკებით! ეს არის ტყუილი, რომ მე შეგაგინეთ. მე თქვენ შეგაგინეთ? თქვენ ეს გაიგეთ?” – ჰკითხა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ვასილ მაღლაფერიძეს, რაზეც საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ “კი”, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას მიმართა, რომ თუკი ვერ დაამტკიცებს იგი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებას, ბოდიში უნდა მოიხადოს.
2024 წლის პირველ დეკემბერს, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროევროპული აქციის მონაწილეებმა გამოვიდნენ, მათთან ერთად პირდაპირ ეთერში გამოვიდა არხის წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
მან თქვა, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკა “ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში” და ამის ერთ-ერთ მიზეზად სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე დაასახელა:
“საზოგადოებამ დაუშვა ის, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა თანამდებობა, აირჩიეს შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე”, – თქვა პირველი არხის ჟურნალისტმა.