“ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებები. ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად.
ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს – იმავე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს, როგორებიც არიან, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.
შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე, როგორებიცაა დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, კადრებს პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დანიშნავენ, კონკურსი საჭირო აღარაა. ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი სავალდებულო მოთხოვნა აღარაა. ეს მაშინ, როცა აქამდე დაქვემდებარებაში მყოფ პირს სერტიფიკატი ესაჭიროებოდა. აღნიშნულ ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იურისტი ნიკა სიმონიშვილი:
“როდესაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პროფესიული საჯარო მოხელეების დიფერენცირება – პროფესიული საჯარო მოხელეები, რომელებიც არ არიან მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული და პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც არიან დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები (ანუ პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელები). პროფესიულ საჯარო მოხელეებზე სხვა ტიპის ცვლილებები მოქმედებს და დეპარტამენტის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე – სხვა ტიპის ცვლილებები აამოქმედა „ქართულმა ოცნებამ“.