აღარ ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, უწყების, სადაც ჩემი ცხოვრების ზუსტად ნახევარი გავატარე – დიპლომატი

დიპლომატი გიორგი წიქარიშვლი სოციალურ ქსელში წერს:
,,მივიღე საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება, რომ 1 ივლისიდან აღარ ვარ სამინისტროს თანამშრომელი, უწყების, სადაც ჩემი ცხოვრების ზუსტად ნახევარი გავატარე.
ბუნებრივია, პიროვნულად სევდიანი მომენტია, თუმცა, როდესაც ქვეყანაში ათეულობით სინდისის პატიმარი გყავს, ხელისუფლის მიერ დაჩაგრული და ძვლების დამტვრევამდე ნაცემი მოსახლეობა, ყველგან უსამართლობა, ძალმომრეობა და ყოველ დღე ახალი რეპრესიული კანონები, ამის ფონზე არაფერი იყო მოულოდნელი.
ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, რომ სამინისტროში გამოცხადებული ე.წ. რეორგანიზაცია, ერთის მხრივ, უკავშირდება თანამშრომელთა ნაწილის მიერ ნოემბრის ბოლოს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას და მიზნად ისახავს სისტემის წმენდას არასასურველი/არასაიმედო კადრებისგან; ასევე, უცნაურად გადაკეთებული სამინისტროს ახალი სტრუქტურა, ნათლად აჩვენებს მმართველი პარტიის რეალურ მიზანს, რომ ევროსკეპტიციზმის გამალებული პროპაგანდის პარალელურად, ქმედებებით ჯერ შეანელოს და საბოლოოდ გაანეიტრალოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ “კონკურსში” და ლეგიტიმაცია მივანიჭო პროცესს, დადგმულ ფარსს, სადაც ყველაფერი წინასწარ, კაბინეტებში პრივატულად დალაგებული და გადაწყვეტილია. ამასთანავე, სამინისტროს ხელმძღვანელობამ უკვე წინასწარ იზრუნა და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები კანონში “დიპლომატიური სამსახურის შესახებ”, რომლითაც გაიმარტივეს და შეიქმნეს სამართლებრივი საფუძველი, “ეთიკური სტანდარტების” დარღვევის საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლონ ნებისმიერი “ურჩი” დიპლომატი. ამ ცვლილებებით, შენ აღარ ხარ საჯარო მოხელე, რომელიც უნდა იდგეს საჯარო ინტერესების სადარაჯოზე, ამ ცვლილებებით შენ ხდები კონკრეტული პარტიის მოხელე და “ინტერესების გამტარი აგენტი”.
ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია.
ბუნებრივია, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის თვითმიზანი, არამედ საშუალება ავაშენოთ ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე ენდობა სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს, ს შედეგებს; საშუალება, რომ გვქონდეს სახელმწიფო, სადაც საჯარო მოხელეს არ ათავისუფლებენ სამსახურიდან, მარტო იმიტომ, რომ არ სჯერა გაუთავებელი ბოდვების “დიფ სთეითზე”, ამჩნევს და იმჩნევს, როგორ მეთოდურად და მიზანმიმართულად ხდება საერთაშორისო პარტნიორების გაშავება და დასავლეთის მტრად გამოცხადება, პარალელურად კი დემოკრატიასთან მწყრალად მყოფ საეჭვო ლიდერებთან დაახლოება. სამწუხაროდ,ამ გზაზე ვკარგავთ არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ მყარად ვიბრუნებთ საბჭოთა კავშირს, ვკარგავთ ნათელ მომავალს და ვუბრუნდებით ბნელ წარსულს.
P.S. “აბა რა ეგონა” ხალხს ჩემგან პიონერული სალამი. კი, ზუსტად ვიცოდი და მეგონა რაც იქნებოდა და როგორც დამთავრდებოდა, მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ არ შემეძლო. მთავარია საკუთარ თავთან და სინდისთან ვიყო მართალი, თუმცა, ამას თქვენ ვერ გაიგებთ, ღირებულებებში გვაქვს აცდენა, უკვე ესეც ზუსტად ვიცი.”
შეგახსენებთ,,სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი შალვა ცისკარაშვილი სოციალურ ქსელ “X”-ში წერდა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას