„აღარ ვაპირებთ პასუხი გავცეთ გიგა კობალაძის ბრალდებებს“- IPOA-ს წევრებმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დღეს მათსავე შექმნილ ასოციაციაში IPOA-ში შეიკრიბნენ და შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს.
ხელოვანების თქმით, მათ ასოციაციასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება ხდება.
„საქართველოში არსებული ხელოვანები ყველა ამ პლატფორმის, IPOA-ს ქვეშ ვართ გაერთიანებული, რომელმაც უკვე აკრედიტაციის შემდეგ დაიწყო იმ საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში, GCA-ის ხელმძღვანელობით უსამართლოდ ხორციელდებოდა. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს გიგა კობალაძის მიერ, IPOA-სა და ამ ორგანიზაციის დისკრედიტაცია. ეს არის ჩვენი ბოლო განცხადება და პასუხი იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც მასმედიის საშუალებით გიგა კობალაძე ცალმხრივად ასაჯაროებდა და აკეთებდა განცხადებებს.“- განაცხადა IPOA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ რამიშვილმა.
ამასთანავე მიხეილ რამიშვილის თქმით, ის და მისი კოლეგები მზად არიან დასხდნენ დებატებში ნებისმიერ არხზე გიგა კობალაძესთან, რათა არ მოხდეს ცალმხრივი გაშუქება და პასუხი გასცენ საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვას.
არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა IPOA-ს ავტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაც.
„საერთოდ არ იყო ჩვენი მიზანი შეგვექმნა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია. ეს მოხდა იმიტომ რომ გიგა კობალაძის უსინდისობას საზღვარი არ ჰქონდა. ამ ყველაფერს ახლა უკვე ადასტურებს აუდიტის დასკვნა და ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაყადაღდა GCA-ის ქონება. ფაქტია, რომ გიგა კობალაძე თავისი ქურდობის გადაფარვას ცდილობს და ჩვენი დისკრედიტაციის მიზნით, სასაცილო ბრალდებებს იგონებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აღარ ვაპირებთ პასუხი გავცეთ მის განცხადებებს. რაც მთავარია სამართლიანობამ გაიმარჯვა. ახლა მშვიდ გარემოში ჩვენს საკუთარ შემოქმედებას უნდა მივხედოთ.“- განაცხადა დათო ევგენიძემ.