ნარკოდანაშაულის იდენტურ საქმეებზე ორი გამამართლებელი განაჩენის დადგომის მიუხედავად ნიკა კაციას საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ბრალდებულის გამტყუნებას ითხოვს.
პროკურატურას არც ამ საქმეში უმაგრებს ზურგს ნეიტრალური მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ვიდეოკადრები ან შემთხვევის შემსწრე ნეიტრალური ადამიანის ჩვენება.
დღეს, 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაციას საქმეზე პროკურორის დასკვნით სიტყვას მოუსმინა. რამდენიმე საათით ადრე ამავე მოსამართლემ ამავე პროკურორის წარდგენილი ბრალის საფუძველზე დაკავებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ სცნო და თქვა, რომ საქმეში არ იყო ის მტკიცებულელები, რომელიც დანაშაულს დაადასტურებდა და სწორედ ამიტომ საქმეს ბრალდებულის სასიკეთოდ წყვეტდა.
პროკურორი დარბაზში 10-გვერდიანი, წინასწარ მომზადებული დასკვნითი სიტყვით შევიდა. მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ნარკოტიკების აღმოჩენაზე, ჩხრეკასა და პოლიციელების ჩვენებებზე.
ინფორმაცია ნარკოდანაშაულზე
„ნიკოლოზ კაციამ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი 14,5 გრამი…
კაციას ბრალი დასტურდება მხარეების მიერ გამოკვლეული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით“, – ამ სიტყვებით დაიწყო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ.
მისი თქმით, სასამართლოში დაკითხულმა პოლიციელმა, პაატა მჭედლიშვილმა 7 დეკემბერს კონფიდენციალური წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ კაცია იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ აქტიური მომხმარებელი და „ეწევა მის უკანონო შეძენასა და შენახვას“.
„მის მიერ მოხდა ინფორმაციის გადამოწმება, როგორც პირადი კონტაქტებით, ასევე ოფიციალური საინფორმაციო ბაზებიდან“, – თქვა პროკურორმა.
შსს-ის ამ თანამშრომლის პატაკის გამო დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ამავე პატაკით იხელმძღვანელა დეტექტივმა ლაშა ხარხელაურმა. ის თანამშრომელ გიორგი როსოფიძესთან ერთად 7 დეკემბერს გაემართა შსს-ს თანამშრომლის მიერ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე – თბილისში, იპოლიტე ვართაგავას ქუჩა N45-ის მიმდებარედ, სადაც ნიკა კაცია უნდა დახვედროდათ და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ამავე საგამოძებო მოქმედების ჩასატარებლად იმავე მისამართზე წავიდა გამომიძიებელი მირზა ჯაფარიძე.
რატომ ვერ გადაიღეს ნიკა კაციას ჩხრეკა? – პროკურორის პასუხი
პროკურორის მტკიცებით, ნიკა კაციას დაკავების ადგილზე მისულ დეტექტივებსა და გამომძიებელს, რომლებსაც ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ, ბრალდებული წინააღმდეგობას უწევდა.
„ხელების მოძრაობით ცდილობდა მათ მოშორებას…“ – სწორედ ასე ხსნის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ნიკა კაციას ავტომობილში ჩასმასა და იქ ჩხრეკის დაწყებას – „ნიკოლოზ კაციასგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება იგი დაწყნარდა დამშვიდდა და ამის შემდეგ გაეცნო ოქმებს მათ შორის დალუქულ პაკეტებს და მოაწერა ხელი“.
პროკურორი ამბობს, რომ გამომძიებელ მირზე ჯაფარიძეს ჰკითხეს, რატომ ვარ გადაიღეს ნიკა კაციას ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა. ეს კადრები საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება უნდა ყოფილიყო.
„განმარტა, რომ თვითონ ავსებდა ოქმს და ვერ მოახერხებდა პარარელურად ხელში დაეჭირა მობილური ტელეფონი, ხოლო ოპერატიული თანამშრომლები პროპორციული ძალის გამოყენებით ცდილობნდენ ნიკოლოზ კაციას შეკავებას და მის პირად ჩხრეკას, რაც შეუძლებელს ხდიდა ეწარმოებინათ ვიდეო-გადაღება“.
რატომ ვერ მოძებნეს ნეტრალური მოწმე, რომელიც ჩხრეკის გადაღებას შეძლებდა?
პროკურორი იმეორებს გამომძიებლის მონათხრობს, რომლის მიხედვითაც, „როდესაც კაციას ათავსებდნენ ავტომანქანაში, ამ დროს შეეცადა მოეძიებინა გარეშე პირი, თუმცა მიმდებარე ტერტიროიაზე არავინ გადაადგილდებოდა“.
„ამასთან მან სცადა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კარზე დააკაკუნა, თუმცა არავინ გამოეხმაურა, რის შემდეგაც თვითონაც მოთავსდა ავტომანქანაში“, – ამბობს პროკურორი.
რამდენად სანდოა პოლიციელების ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც ნიკა კაციას გამტყუნებას ითხოვენ?
პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ამბობს, რომ არასწორი იქნება ვარაუდი, რომ პოლიციელებს, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული, არასანდო მოწმეები არიან:
„ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობაც, რაც მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გარანტიაა“.
ფორუმი