„აღარ არის დრო, რომ გავიპრანჭოთ“ — ლაშა ბაქრაძე პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და “სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარდგენილ პოლიტიკურ პლატფორმას, „ერთიანობას“ ამ დრომდე არაპარტიული სახეებიც შეუერთდნენ, მათ შორის, ისტორიკოსი .
„აღარ არის იმის დრო, რომ გავიპრანჭოთ, უნდა გაკეთდეს ახლა საქმე. არაა აუცილებელი, რომ ყველა გაერთიანდეს და ვხედავთ კიდეც, რომ ვერ ერთიანდებიან, მაგრამ ერთი მიზანი უნდა გვქონდეს ყველას, რომლის გარშემოც შევიკრიბებით და ვიბრძოლებთ“, — ამბობს ლაშა ბაქრაძე ნეტგაზეთთან.
ლაშა ბაქრაძე საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა, თუმცა არსებულ ვითარებაში მორცხვობა ზედმეტია და თავს პარლამენტშიც ხედავს.
„ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. სერიოზული ცვლილებაა ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ ზედმეტია მორცხვობა, „პოლიტიკით არ მინდა ხელი გავისვარო“, როცა წარმოუდგენლად უჭირს ქვეყანას და საჭიროა ახალი სახეები მოვიდნენ პოლიტიკაში.
არ იყო ადვილი არც 5 ნომრის ქვეშ გაერთიანება, მაგრამ ადამიანების ამ ჯგუფს უნდა დიდი ერთობა, რომ გამარჯვებულები გამოვიდეთ ამ დიდი, ძალიან რთული და ძალიან არათავისუფალი არჩევნებიდან. საქართველო დავაყენოთ ისევ სწორ გზაზე და შევქმნათ უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი ქვეყანა, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.
ნამდვილად ვხედავ თავს პარლამენტშიც და მანამდეც დიდი ახსნა-განმარტებითი სამუშაოა ჩასატარებელი საზოგადოებაში. რაც მთავარია, შიში უნდა დაიძლიოს“, — ამბობს ლაშა ბაქრაძე ნეტგაზეთთან.

ასევე დაგაინტერესებთ