აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ – როთის განცხადებით, პარლამენტის შენობაშიც კი არ უმასპინძლეს

მეორე დღეა, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. როგორც ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ.
“საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ, იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეგხვდა, მაგრამ მან მიგვიღო არა პარლამენტში, არამედ “ქართული ოცნების” ოფისში”, – წერს როთი.
მასთან ერთად თბილისში იმყოფებიან ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.
მათ ვიზიტამდე, 10 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდებოდა, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.
გუშინ, 13 მაისს როთმა თბილისში რუსთავის გამზირზე “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეთა ამსახველი მსვლელობის ვიდეოც გააზიარა მინაწერით “ხალხო, შეხედეთ ამ ქალაქს. ევროპის ისტორია ახლა თბილისში იწერება. ხალხი ქუჩაში გამოდის 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე რუსიფიკაციის საფრთხის წინააღმდეგ, თავისუფლების და დემოკრატიისთვის, არ დავტოვებთ მათ ქართულ კოშმართან პირისპირ”.
საქართველოში ჩამოსვლამდე, როთმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გამოაქვეყნა. 13 მაისს ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კი თქვა, რომ “რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გახსნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“