აქ ვართ, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის – პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ

კვირას, 13 ივლისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების – “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის”, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” და “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” – წარმომადგენლები რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ მზია ამაღლობელისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად.
„ჩემს უკან არის ქალი, რომელსაც წაართვეს თავისუფლება და რომლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მზიას ვუთხრათ – ის არ არის მარტო“ – განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა ჯიფსი გილენ კაიზერმა და დასძინა: „რა საშინელი უსამართლობაა, რომ ამ ჟურნალისტმა, რომელიც თავად არის სინათლის შუქურა, შესაძლოა მხედველობა დაკარგოს. ხოლო პოლიცია, რომელმაც ჩაიდინა ძალადობა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, არანაირი შედეგების წინაშე არ დამდგარა“.
ჟან კავალიემ, “რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-ს წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაფიქსირდა არაერთი დარღვევა. „ეს არ არის სამართლიანობა, ეს არის რეპრესიები“ – თქვა მან.
მედიის დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები 14 ივლისს ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრებიან.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს. თვალის რქოვანას დაავადება 4 თებერვალს კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ფორუმი