პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გომელაურს მადლობას უხდის. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა პოლიციელს, მინისტრს, რომლებმაც პროპორციული პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე”, – თქვა კობახიძემ.
ასევე, კობახიძე ირწმუნება, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია “გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი”. მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები “რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივ დაჯგუფებებს წარმოადგენენ”.
“გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, აქტიურობდნენ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომელიც სამართალდამცავებს შეურაცხყოფას აყენებდნენ”.
აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მათ, ამ შემთხვევაშიც, დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ
მომიტინგეების ძალადობის შედეგად დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული დახმარება დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის, ჟურნალისტების, რაც არის უკიდურესად სამწუხარო”, – ამტკიცებს კობახიძე.