აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ჯარიმების და პატიმრობის ვადის გაზრდა იგეგმება

ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის შემდეგ მ თქვა, რომ იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე, ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, “ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით” სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები. ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს.
“ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოთხი ასეული ადამიანისგან შემდგარი უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრილი აგენტურული ბირთვი უხეშად არღვევს 4 მილიონი ადამიანის უფლებებს.
სწორედ ამ ანომალიის გამომსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდდბლო ცვლიელებეს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.
დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნორმებით.
მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები:
– მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის და შეურაცხყოფისთვის, სასამართლო შესასვლელის ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამოც დღემდე.
– ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება
სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ.
კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისთვის საჯარო მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით, ეს არის უკვე სასჯელი და არა სახდელი. იზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში – 5 წლიდან 6 წლამდე.
ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში და ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.
სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც, ასევე ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
tabula.ge