საქართველოს პროკურატურის ცნობით, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მარტს, დააყადაღა ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები და მასზე არსებული თანხა.
ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმე, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს ანგარიშები დაუყადაღეს, მიმდინარე წლის თებერვალში აღიძრა.
„ე.წ. ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა, ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა, ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
მათი მოთხოვნით დაყადაღდა შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები:
· საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
· საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
· საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
· არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“;
· არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.
პროკურატურა წერს, რომ ამ ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებული იყო „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.
„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – წერს პროკურატურა განცხადებაში.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 100 დღეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციის მონაწილეთა დასაშლელად პირველ დღეებში პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ცრემლმდენ აირს. თავის დასაცავად და აქციაზე დასაბრუნებლად მოქალაქეები იყენებდნენ სპეციალურ აღჭურვილობას.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდებოდა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.
ფორუმი
