აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა

სპეცრაზმის მიერ არაერთხელ დაშლის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა. ამ წუთებში ისინი საპროტესტო აქციას განაგრძობენ. კეთდება განცხადებები. დემონსტრანტები კვლავ სკანდირებენ: “მონებო”, “რატომ გვესვრით?”, “წადით”.
“ამდენი ხალხის შეშინება გინდოდათ? რომელ ბიბლიაში წერია, რომ მშვიდობიანი აქტივისტები უნდა დაარბიოთ? თქვენ ხართ რუსები! არა რუსულ კანონს” – აცხადებენ აქციაზე.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან ბარიკადები აქვთ აღმართული. ბარიკადები მათ ნაგვის ურნებით, სკამებით, მაგიდებით და სხვადასხვა ნივთით გააკეთეს.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის საპოლიციო დანაყოფებისგან, ფაქტობრივად, ცარიელია. როგორ სპეცრაზმი, ისე სხვა დანაყოფები პარლამენტის ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანეს.
პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს.
აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ