აქციის მონაწილეები ღამეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან გაათენებენ

გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეკრებული აქციის მონაწილეები ღამეს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენებენ.
ისინი აქციაზე დაკავებული 11 ადამიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.
-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით არიან დაკავებულები.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია საღამოს 5 საათიდან დაიწყო.
აქციის ორგანიზატორები „რიონის ხეობის მცველები“ და პროტესტის სხვა მონაწილეები, რამდენიმე ასეული ადამიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარშალ გელოვანის გამზირზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს კარვის გაშლა სურდათ სამინისტროს ეზოში, თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ ეზოს ტერიტორიაზე შესვლა მთავარი შესასვლელიდან ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის, მარშალ გელოვანის გამზირის გადაკეტვაც სცადეს.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და მას შემდეგ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ.
ამჯერად პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა და საპროტესტო კარვის გაშლა აქციის მონაწილეებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან სცადეს.
მარიტა მუსელიანი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და „რიონის ხეობის მცველების“ წევრი ამბობს, რომ 51 დღის წინ, რაჭაში დაწყებულმა პროტესტმა თავი ამოწურა და ამჯერად, პროტესტმა დედაქალაქში უნდა გადმოინაცვლოს:
„ამ 50-დღიანი პროტესტის განმავლობაში, მთელი ჩვენი ყურადღება და შეკითხვები მიმართული იყო ამ სამინისტროსკენ და ეს იყო შეკითხვები ლიცენზიის გარშემო. გარდა ამისა, ჩვენ ამ პროცესში აღმოვაჩინეთ მთელი რიგი კანონდარღვევები…
მოვედით აქ იმისთვის, რომ ცალ-ყბად გვპირდებიან ლიცენზიის გაუქმებას. ამიტომ ვაპირებდით ჩვენი ჩამოყალიბებული პროტესტის აქ გაგრძელებას, რადგან იმ არეალში პროტესტმა თავი ამოწურა, იქ ადრესატი აღარ გვყავდა. ვაპირებდით აქ კარვის გაშლას, რადგან ეს არის ხანგრძლივი პროცესი. არცერთი კანონი არ აბრკოლებს აქ კარვის დადგმას. პრინციპულად არ აპირებენ, რომ კარავი გაგვაშლევინონ. გამოვარდა პოლიცია და სრულიად უმიზეზოდ ათრია ხალხი. ერთ-ერთ ქალს კბილი მოსტყდა, მისი ქმარი დააკავეს. არ ვიცი, რა მომენტში მოხდა ხულიგნობა. რაც შეეხება დაუმორჩილებლობას. არაფერი უთქვამთ, რომ ასე არ ქნათ, ისე არ ქნათ, უბრალოდ გამოვარდა ამდენი პოლიციელი, დაარბიეს ეს ხალხი და დააკავეს“.
„შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. ში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ”, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.
თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.
ამის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“. ითვალისწინებს თუ არა ეს ლიცენზიის გაუქმებას, ჯერჯერობით ცხადი არაა.
„რიონის ხეობის მცველებისთვის“ კი არც ხიდაშელის განცხადებაა დამაჯერებელი და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი. მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს