დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს, რაც ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებებად.
13 მაისის, დილის დაახლოებით 6 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და დემონსტრანტებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ პარლამენტის შენობის შესასვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს განცხადებით, გამოყენებული იქნებოდა „საპოლიციო ძალები“.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი. ასევე, აქციის მონაწილეების მხრიდან დეკლარირებული არ ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელელბის ბლოკირების განზრახვა. მიუხედავად აქციის ხაზგასმით მშვიდობიანი ხასიათისა, შსს-ს განცხადებიდან რამდენიმე წუთში, სამართალდამცავებმა ჟვანიას ქუჩის მიმდებარე მხარე ფიზიკური ძალის გამოყენებით იძულებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, დააკავეს აქციის 20 მონაწილე. გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცავები დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და თავის არეში ანგარიშსწორების მიზნით ურტყამენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტთა დაკავების ფორმა არაკანონიერი და არაპროპორციული იყო – ათეულობით სამართალდამცავი, რომელთა უმრავლესობა ჩაცმულობის და აღჭურვილობის მიხედვით, არ წარმოადგენდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, წინასწარ მიზანში ამოღებულ აქციის მონაწილეს ჯგუფურად უსწორდებოდა ფიზიკურად და პოლიციის კორდონში მიათრევდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ადვოკატების მიერ მონახულებულ დაკავებულთა უმრავლესობას აღენიშნება ფიზიკური დაზიანების ნიშნები. საპოლიციო ძალების დაუსჯელობა და შემწყნარებლური პოლიტიკა, საბოლოო ჯამში ახალისებს ძალადობას და მიზნად ისახავს, პროტესტის მუხტის ჩახშობას.
საპროტესტო აქციის და მშვიდობიან მომიტინგეებთან ანგარიშსწორების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით 67 წამში განიხილა და მხარი დაუჭირა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
„ქართულ ოცნებას“:
· დაბრუნდეს კონსტიტუციურ ფარგლებში და უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე;
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
· საქმიანობაში იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
· მყისიერად და ეფექტიანად გამოიძიოს, როგორც 13 მაისის დილით, ისე გასული დღეების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.