აქციის მონაწილეების მიერ კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება – შს მინისტრის მოადგილე
28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება – კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება , – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მათ შორის მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი.
ამასთან, დარაძველიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.
ასევე, შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული პირადი ნივთების ქურდობის.
“აქციების მსვლელობისას საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა კანონით დადგენილ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და არ ფიქსირდებოდა ძალადობრივი ფაქტები, შესაბამისად, პოლიციას არ უწევდა კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენება, არ ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების დაკავება და შეკრების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში გამოეხატათ.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
