აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ომბუდსმენის ოფისში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ანასტასია ზინოვკინას სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს, ასევე დაჩქარებული წესით გამოითხოვენ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას

მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას მხარდაჭერებსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც მსჯავრდებულის მხარდამჭერები აცხადებენ, შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, არ ესწრებოდა, რაზეც უკმაყოფილებაც გამოთქვეს.
ასევე, მათი ინფორმაციით, შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ანასტასია ზინოვკინას სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს, პენიტენციური სამსახურიდან მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას კი დაჩქარებული წესით გამოითხოვენ.
“ჩვენ სახალხო დამცველის 2 წარმომადგენელს შევხვდით, ერთი მის მოადგილე, ელენე ღუდუშაურს და მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროს, გვანცა ჩხაიძეს. პირველ რიგში, ჩვენ გამოვთქვით უკმაყოფილება ლევან იოსელიანის მისამართით, რომ ის არ ესწრებოდა ამ შეხვედრას. გვქონდა რიგ საკითხებთან აზრთა სხვადასხვაობა თუ რას აკეთებს სახალხო დამცველი, ამ საქმესთან მიმართებით, მათი კომენტარი იყო, რომ სახალხო დამცველი აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მთავარი, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღეს ან ხვალ შეხვდება ზინოვკინას. ასევე, შევთანხმდით, რომ მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უფრო გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, უახლოეს მომავალში, ჯანდაცვის სპეციალისტების მონაწილეობით. მესამე, ისინი ელოდებიან პენიტენციური დაწესებულებიდან ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას, დაჩქარებული წესით.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გამოვთქვით პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან იოსელიანი არ ესწრებოდა შეხვედრას, ასევე მის პოზიციებთან დაკავშირებითაც. მინდა მივმართო ალეკო ელისაშვილს, მე დღეს მის ადგილას აქ ვიდგებოდი”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველის ოფისთან, მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, ზინოვკინას ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარებასა და შესაბამისი მკურნალობის გაწევას მოითხოვენ.
ცნობისთვის, ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ანასტასია ზინოვკინა და მისი მეუღლე, არტემ გრიბული ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8.5-8.5 წელი აქვთ მისჯილი.