აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რამდენიმე პირი დააკავეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის მოძრაობის – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი დააკავა.
მათივე თქმით, არ იციან, სად წაიყვანეს სამართალდამცველებმა დაკავებულები. ისინი პოლიციისგან აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ და ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების დაკავების საფუძველი არ არსებობდა.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ კარვები ჩამოართვა. მათ სამართალდამცველებს კარვების დაბრუნების მოთხოვნითაც მიმართეს.
„ხალხს იჭერენ იმის გამო, რომ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულები არიან: რიონის ხეობის მოძრაობის წევრები – ვარლამ გოლეთიანი, გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე, ასევე, “პუბლიკას” ჟურნალისტი რატი რატიანი მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს