გუშინ, 1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დარბევის დროს დაშავებული ნიკა დემურიშვილი, რომელსაც დაზიანება თვალის არეში მიადგა, კლინიკაში რჩება. ექიმის, ვაკო ლობჟანიძის თქმით, სერიოზული ტრავმა მიყენებულია “სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით”, თუმცა თვალი გადარჩა.
“დაზიანება არის მარჯვენა თვალის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული, ზუსტად არ ვიცით მექანიზმი. მე როგორც ვიცი, თვითონ ამბობდა, რომ ბლაგვი საგანი ჩამარტყესო. სერიოზული ტრავმა არის მარჯვენა თვალის, თუმცა, გადაღებულია ტომოგრაფია, თვალი გადარჩა”. – თქვა ექიმმა.
დემურიშვილის მშობლების თქმით, ახალგაზრდა კაცი აქციის დარბევისას სხვებს ეხმარებოდა, რა დროსაც შსს-ს თანამშრომელმა რეზინის ტყვია ესროლა.
“გადარჩენილია, წარბში აქვს მოხვედრილი რეზინის ტყვია. ჯერჯერობით ხედვა უჭირს. […] მთავარი ის არის, რომ თვალი გადარჩენილია. სხვების გამოყვანაში ვეხმარებოდი ბიჭებს, გოგოებსო და მაგ დროს მესროლესო”. – უთხრა ჟურნალისტებს დემურიშვილის მამამ.
1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს ესვროდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, უწყებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სამართალდამცველები იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის.