ისაკო დევიძე და დავით წოწორია 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ 27 ნოემბერს იზოლატორიდან გათავისუფლდნენ. დევიძე თითქმის მთელი პატიმრობის განმავლობაში შიმშილობდა. როგორც ამბობს, ამით სოლიდარობას უცხადებდა სხვა დაკავებულებს და აპროტესტებდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას.
“დაგვაკავებენ, გვცემენ თუ რა ფორმით ეცდებიან ჩვენ დაშინებას, ჩვენ მაინც ვერ დაგვაშინებენ. საკანში ვიქნებით თუ როგორც ვიქნებით, ჩვენს ფიზიკურ სხეულზე ვერ მოიპოვებენ ვერანაირ ძალაუფლებას. პირიქით, პრობლემებს შევუქმნით, შევაწუხებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვართ ახლა ისტორიული ბრძოლის ასპარეზზე, ვქმნით, ვწერთ ახალი საქართველოს ისტორიას, აუიცლებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება სახელოვანი”, – განაცხადა დევიძემ იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ.
დავით წოწორია ამბობს, რომ უკანონო იყო როგორც მისი დაკავება, ისე პატიმრობის შეფარდება.
“დამაკავეს უკანონოდ და პატიმრობა მომისაჯეს უკანონოდ. სასამართლო სრული ფარსი იყო. მოსამართლე პირდაპირ იღებს დირექტივას შსს-დან. იმიტომ, რომ შსს-ს გადაწყვეტილი ჰქოდა ჩემი პატიმრობაში დატოვება, რაც თავიდანვე ჩანდა. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა მითხრა, ჩემზე ჯარიმები მსუსხავად არ მოქმედებს და პატიმრობამ შეიძლება ცოტა დამსუსხოს”, – თქვა წოწორიამ.
დევიძესა და წოწორიას 8 დღიანი პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევისთვის – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის შეუფარდეს.
ისაკო დევიძემ დაკავებიდან მეორე დღეს, 21 ნოემბერს მშრალი შიმშილობა დაიწყო სახალხო დამცველთან შეხვედრას მოითხოვა. ორი დღის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.
19-20 ნოემბერს, შსს-ს დანაყოფებმა ძალადობრივად დაშალეს ჭავჭავაძეზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც პროტესტის ნიშნად ღამეს კარვებში ათენებდნენ. დაკავების დროს პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს. მათ შორის, დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე.