აქციის გაშუქებისას სამი მედიის დრონი დაიკარგა

თბილისში, მასშტაბური საპროტესტო აქციის გაშუქებისას დრონი დაეკარგა მინიმუმ სამ მედიასაშუალებას, ნეტგაზეთს, “პროექტ 64”-ს და “მაუწყებელს.” ჟურნალისტები ვარაუდობენ რომ მათი დრონების სიგნალი სახელმწიფო უწყებებმა “გადაიჭირეს” და ისე შეუცვალეს მიმართულება.
“პარლამენტის თავზე ვიღებდი, მე ვიდექი ოპერასთან.
უკან ვაბრუნებდი და უცებ უცნაურად დაიწყო ფრენა და მომენტალურად დავკარგე კონტროლი. ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ.
ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მაჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა” – ამბობს პროექტ 64-ის დამფუძნებელი, გიორგი გოგუა. რადიო თავისუფლებას ის უყვება, რომ ადგილი, რომელიც მათი დრონის ახლანდელ სამყოფელად ჩანს, აეროპორტის სიახლოვეს არსებული სამშენებლო ობიექტია.
“ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები სავარაუდოდ საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონსტრაციის გადაღებას ვცდილობდით” – ეს განცხადება ნეტგაზეთმა საღამოს ათის ნახევრისთვის გაავრცელა.
„გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა მედიაჩეკერს მაუწყებლის ჟურნალისტმა დრონის დაკარგვაზე.
4 ოქტომბრის აქციას დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა TV Imedi-მა.
თვითმმართველობის ს პარალელურად დაგეგმილი აქცია 4 ოქტომბერს, რომლის საორგანიზაციო კომიტეტშიც იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, “მშვიდობიან რევოლუციას” ისახავდა მიზნად. საღამოს 8-ის ნახევრისთვის თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ათონელისკენ გადაინაცვლა, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად – სასახლეში შეჭრის მცდელობისას სპეცრაზმმა შეტევა წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით მოიგერია.
შშს-ის ცნობით, დაშავდა 14 პოლიციელი, ერთი მძიმედ, გამოძიება 4 მუხლით დაიწყო.
radiotavisupleba.ge