ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ისევ ამკაცრებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს და დემონასტრანტებს ავალდებულებს, პოლიცია შეკრებამდე ხუთი დღით ადრე გააფრთხილონ. კანონპროექტების პაკეტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 დეკემბერს დარეგისტრირდა, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
კანონპროექტის მიხედვით, თუკი აქცია იმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს. დღეს მოქმედი კანონით, დემონსტრანტებს მსგავსი ვალდებულება არ აქვთ.
პოლიციის წერილობითი ინფორმირება არ ნიშნავს, რომ შსს მათ აქციის ანდა მსვლელობის გამართვის უფლებას მისცემს: უწყებას შეუძლია გამოაქვეყნოს „გაფრთხილება“ ან დემონსტრანტებს შესთავაზოს „ალტერნატიული დრო ან/და ადგილი“.
იმ შემთხვევაში, თუკი აქცია სპონტანურად დაიგეგმება, ორგანიზატორმა პოლიციას გეგმის შესახებ „დაუყოვნებლივ“ უნდა აცნობოს.
„შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, – წერია კანონპროექტში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ახალ კანონს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
„[თუკი] დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, თუმცა მასობრივი კანონდარღვევა მაინც არ შეწყდა გაფრთხილებიდან 15 წუთის განმავლობაში, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ითვლება.
ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ, ამასთანვე, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართოს“, – წერია კანონპროექტში.
საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ – მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება. მათ შორის შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
ფორუმი




