„აქციზის გადასახადის შემცირების ინიციატივა თამბაქოს ბიზნესის ინტერესებს ემსახურება და სრულიად გაუმართლებელია“- გიორგი მაღრაძე

„თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შემცირება თამბაქოს არალეგალურად შემოტანასთან ბრძოლის გზა არ არის. სახელმწიფოს აქვს შესაბამისი მექანიზმები არალეგალურად შემოტანის ფაქტების აღსაკვეთად. აქციზის გადასახადის შემცირების საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება კონკრეტული ბიზნესებისთვის სასათბურე პირობების შექმნას, რათა მათი შემოსავლები გაიზარდოს“, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი მაღრაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, აქციზის გადასახადის შესაძლო შემცირება თამბაქოს ფასზე აისახება თუ არა, ამის თქმაც შეუძლებელია, რადგან ამ ინდუსტრიაში ფასებს რეალიზატორები თავად განსაზღვრავენ.
„საკითხავია, აქციზის გადასახადის შემცირება გამოიწვევს თუ არა თამბაქოს ფასის შემცირებას. უკვე რამდენი წელია აქციზის გადასახადი არ გაზრდილა, თუმცა თამბაქოს ინდუსტრია ფასს თავისი სურვილისამებრ ცვლის ხოლმე, ძირითადად ზრდის. ასე რომ სულაც არ უკავშირდება ეს პროცესი ფასებს“, – აღნიშნა გიორგი მაღრაძემ.
როგორც მან განმარტა, ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხიც. თუ ეს ცვლილება განხორციელდება, შემცირდება ბიუჯეტში გადასახადების სახით აკუმულირებული თანხები და გაიზრდება ჯანდაცვაზე გასაწევი ხარჯები.
„მეორე საკითხია მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხი. ყოველწლიურად საქართველოში 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით. სახელმწიფოს უზარმაზარი თანხები უჯდება ამ ადამიანების მკურნალობა. ამიტომ ეს ინიციატივა არც ჯანმრთელობის თვალსაზრისით არის გამართლებული და არც მით უმეტეს, ეკონომიკური თვალსაზრისით.
ერთის მხრივ შემცირდება ბიუჯეტში აკუმულირებული თანხები და მეორეს მხრივ გაიზრდება ჯანდაცვაზე გასაწევი თანხების ოდენობა. ამ ინიციატივის ავტორებმა წარსულშიც მოახდინეს მსგავსი ცვლილებები, პირდაპირ ვიტყვი, თამბაქოს ინდუსტრიის დაკვეთით და როგორც ჩანს, რადგან გასდით ასეთი ქმედებები, ახლა უკვე მადაც მოემატათ.
2018 წლის შემდეგ, როდესაც გაუმჯობესდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და მისი აღსრულება, ქვეყანაში ძლივს წავიდა გაუმჯობესების ტენდენცია. მოსახლეობა საჯარო სივრცეებში აღარ არის თამბაქოს კვამლში, ბავშვებს მეორადი კვამლის სუნთქვა აღარ უწევთ. ასევე გარკვეულწილად გამოიკვეთა თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებების შემთხვევები. ასეთ დროს მსგავსი ინიციატივები, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიის პირდაპირ მხარდაჭერას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელი და გაუმართელებელია“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ