სახლში რომ მოხვედით, ერთი ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას, კბილების გახეხვაზეც გეხვეწებოდით – იყო თუ არა ასე?! – ასე მიმართა აქციების პერიოდში დაკავებულმა, ირაკლი მიმინოშვილმა პოლიციელს, გელა გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას.
მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ მის დაკავებაში სწორედ გელა გულორდავა მონაწილეობდა და მიმართა კითხვით, მასთან სახლში მისვლისას „ხომ არ გაუკეთებია რაიმე კანონსაწინააღმდეგო“.
მიმინოშვილმა სხდომაზე ასევე თქვა, რომ დაკავების მომენტში ერთ-ერთი პოლიციელი მას ნეკნებში აწვებოდა.
„სახლში რომ მოხვედით ჩემთან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაგიკეთებიათ? სახლში რომ მოხვედით, ერთი ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას. იყო თუ არა ასე?! კბილების გახეხვაზეც გეხვეწებოდით. თქვენ რომ შემოხვედით პირველი, რაც მოხდა, ჩემი და იღებდა ვიდეოს. რომელიღაცა თქვენგანი მივარდა ჩემს დასთან, ეუბნებოდა ნუ იღებო და ლამის გადააგდებინა. მე ვყვიროდი ჩემს დას ხელი არ დააკაროთ-მეთქი და ვიღაც, თქვენი თანამშრომელი ნეკნებში მაწვებოდა, იყო თუ არა ასე? თქვენც იყავით სახლში და ხომ არ დაგინახავთ?“ – მიმართა მიმინოშვილმა პოლიციელს, რომელმაც პასუხად თქვა: „არა“.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების პერიოდში დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს.
