აქციების მეორეულ გაყიდვაში Revolut-ის შეფასებამ $75 მილიარდს მიაღწია

ლონდონში დაფუძნებული ფინანსური ტექნოლოგიური კომპანიის, Revolut-ის შეფასებამ, აქციების მეორეული გაყიდვის შემდეგ (როდესაც მეწილეებსა და ადრეულ ინვესტორებს შორის, კომპანიის ჩართვის გარეშე, ერთმანეთში აქციების გაყიდვა ხდება), $75 მილიარდს მიაღწია. შედეგად, Revolut-ის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 66%-ით გაიზარდა.
Revolut-ის ინფორმაციით, კომპანიის აქციების გაყიდვის პროცესს რამდენიმე მსხვილი ინვესტორი, მთ შორის Coatue, Greenoaks-ი, Dragoneer-ი და Fidelity ხელმძღვანელობდნენ, სხვა მონაწილეებს შორის კი იყვნენ ვენჩურული კაპიტალის ფირმა Andreessen Horowitz-ი, Franklin Templeton-ი და Nvidia-ს ვენჩურული კაპიტალის განყოფილება.
აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლაი სტორონსკისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის, ვლად იაცენკოს დაარსებული Revolut-ი, ბოლო ათწლეულის ევროპის ფინტექებიდან ყველაზე წარმატებულია. ფინანსური სერვისების აპლიკაციას 65 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო კომპანიის დასაბეგრმა მოგებამ გასულ წელს $1.44 მილიარდს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 149%-იანი მატებაა.
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა Revolut-ის შეფასებაც. გასულ წელს, კომპანიის ღირებულებამ $45 მილიარდს მიაღწია, მაშინ როდესაც 2021 წელს $33 მილიარდს უდრიდა. როგორც კომპანიის განცხადებიდან ვკითხულობთ, უკანასკნელი რაუდი მათ ისტორიაში რიგით მეხუთე შემთხვევა იყო, როდესაც Revolut-მა თანამშრომლებს აქციების გაყიდვის შესაძლებლობა შესთავაზა.
სტორონსკის თქმით, კომპანიის მთავარი პრიორიტეტი Revolut-ისთვის გაერთიანებულ სამეფოში სრული საბანკო ლიცენზიის მოპოვებაა, რომელიც მათ მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგაც კი არ მიუღიათ.