1992-ში ვიყავი 17 წლის ბიჭი და არც ეკიპირება მქონდა, შიშვლები ვიბრძოდით, მე თქვენს მებრძოლობაში ეჭვი შევიტანე, – ასე მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ჯანო არჩაიამ, გდდ-ს თანამშრომელ ნუგზარ მირიანაშვილს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე როგორც დაზარალებული მოწმე ისე იკითხება.
ბრალდებულმა მოწმეს თავდაპირველად ჰკითხა, თუ იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ის იმ პერიოდში უნივერსიტეტში სწავლობდა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
„1992-ში ვიყავი 17 წლის ბიჭი და არც ეკიპირება მქონდა, შიშვლები ვიბრძოდით, მე თქვენს მებრძოლობაში ეჭვი შევიტანე, მაშხალა რომ გესროლეს და იმან დაგაგდოთ და სამკურნალო გახდით, ჩვენ ტყვიები გვხვდებოდა და ნაიარევი მაქვს ცხრა, არ დავცემულვართ, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით”,- მიმართა არჩაიამ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
