აქციებზე დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აქციებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ 8 ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
პროკურატურას მათი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლება უნდათ. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ შეთანხმებულ მოქმედებას.
მოსამართლის თქმით, მან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
· სამ დაკავებულს (ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს) ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება – მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან;
· ხუთ დაკავებულს (ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილი) ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება – მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული.
მასალა განახლდება